ორი კუნძული შავ ზღვაში


                                                   მოქმედი პირები:
ბიჭი
გოგო
ანგელოზი
ფერშალი

სცენა წარმოადგენს ზღვას ორი პატარა კუნძულით. მარცხენა კუნძულზე თვალებდახუჭული ბიჭი წევს, მარჯვენაზე კი - გოგონა. გოგონა ნელა, ზლაზვნით წარმოდგება და ჰორიზონტს გახედავს. მეზობელ კუნძულზე ბიჭს აღმოაჩენს და მას მიმართვს:
გოგო - უკაცრავად ... დიდი ბოდიში ... გაიღვიძეთ თუ შეიძლება ... მკვდარი ხომ არ ხართ ... გაიღვიძეთ რა ...
ბიჭი - ვინ მეძახის?
გოგო - მე გეძახით, აქეთ გამოიხედეთ, აქ ვარ ... რა ბედნიერებაა, რომ ცოცხალი ყოფილხართ ... აქეთ გამოიხედეთ.
ბიჭი - საით?
გოგო - აქეთ
ბიჭი - მე თქვენ ვერ გხედავთ ... საერთოდ ვერაფერს ვხედავ.
გოგო - ვერაფერს ხედავთ? ამ მზეს და ქვიშასაც ვერ ხედავთ? ან ზღვას ან მე?
ბიჭი - მე ვერაფერს ვხედავ.
გოგო - თქვენ ბრმა ყოფილხართ.
ბიჭი - ალბათ, გემი აფეთქდა და მაშინ დავბრმავდი
გოგო - გემი აფეთქდა?
ბიჭი - აფეთქების ხმა არ გაგიგიათ შეიძლება მართლაც ვერ გავიგეთ, თავიდანვე ისეთი საშინელი ხმა იყო - ყველანი მაშინვე ავყვირდით, როგორც კი სირენის ხმა ჩაირთო. მე ამ დროს ქვემოთ ვიყავი და რაც ასეთ დროს მევალებოდა, ის გავაკეთე - ინსტრუქციის
თანახმად საწვავის მოწოდება გადავკეტე და უცებ აფეთქების ხმაც გაისმა. ჯერ ვერაფერს მივხვდი, მერე კი დავბრმავდი და ვიღაცამ ზემოთ, გემბანზე ამიყვანა. მახსოვს, როგორ მესიამოვნა ზღვის ჰაერი, მახსოვს, როგორ ჩამსვეს მაშველ ნავში და მერე აღარაფერი მახსოვს, ალბათ გრძნობა დავკარგე. როცა თვალი გავახილე, ვიღაცამ დამიძახა
...
გოგო - მე დაგიძახეთ
ბიჭი - თქვენ ვინ ხართ?
გოგო - მეც იმ გემზე ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ვხედავ.
ბიჭი - თქვენი ხმა შორიდან მესმის... შეგიძლიათ რომ ჩემთან ახლოს მოხვიდეთ და სულ ერთი წუთით ჩამკიდოთ ხელი ...
ბიჭი - რატომ? ისე დავსახიჩრდი, რომ ახლოს მოსვლასაც ვერ ბედავთ?
გოგო - მე ცურვა არ ვიცი
ბიჭი - ცურვა რა შუაშია
გოგო - ჩვენს შორის წყალია
ბიჭი - როგორ თუ წყალი?
გოგო - თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა კუნძულებზე ვიმყოფებით
ბიჭი - არ მესმის, რას მეუბნებით, იქნებ კიდევ ერთხელ გამიმეოროთ და კარგად ამიხსნათ რაშია საქმე ...
გოგო - უკეთესად როგორ უნდა აგიხსნათ, ხომ გითხარით, რომ აქ ორი პატარა კუნძულია, ერთზე თქვენ იმყოფებით, მეორეზე კი - მე. ჩვენს შორის წყალია, ირგვლივ კი ზღვა, მხოლოდ ზღვა და მეტი არაფერი ...
ბიჭი - მხოლოდ ზღვა და სხვა არაფერი?
გოგო - მხოლოდ ზღვა და სხვა არაფერი ზღვის გარდა
ბიჭი - რა უცნაურია ... და ჩვენ შორის დიდი მანძილია?
გოგო - როგორ თუ ჩვენს შორის?
ბიჭი - კუნძულებს შორის...[...]
ბიჭი - როგორ გითხრათ. იმედია რომ ახლაც სწორად გამიგებთ ... ზღვა ყოველთვის გვქონდა, მაგრამ გემები არ გვყვდა, მუდამ ზღვის პირას ვცხოვრობდით, მაგრამ ნავებიც კი არ გამოგვითლია ...
გოგო - (აწყვეტინებს) რას ამბობთ, პირველად მესმის ასეთი უცნაური ვერსია
ბიჭი - ეს არ არის ჩემი ვერსია, ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ეს ფაქტია - ჩვენ ყოველთვის გვქონდა ზღვა, ჩვენი წინაპრები კი არასდროს იყენებდნენ მას ...
გოგო - ( ისევ აწყვეტინებს) საერთოდ არ იყენებდნენ?
ბიჭი - ალბათ ზოგჯერ თევზაობდნენ, ზოგჯერ ყვინთაობდნენ კიდეც, მაგრამ საზღვაო ფლოტი არასოდეს გვქონია, ზღვაში არასდროს შევსულვართ და ეს, ჩვენი ზღვა არც კი შეგვისწავლია. [...] გოგო - ცოტაც მოითმინეთ და აუცილებლად დამინახავთ ... მეც ... ამ ზღვასაც ... ყველაფერს [...]
ბიჭი - არა.მე სხვა რამეზე ვფიქრობ - მე გამახსენდა, რომ ამ ზღვაში ზვიგენები საერთოდ რ არიან და თქვენ ტყუილად შეგეშინდათ რეტროსპექტივაში და ეს სიტყვაც ტყუილად გამოიყენეთ...[...]
ბიჭი - მე მინდოდა მეზღვაური გავმხდარიყავი, მინდოდა შორეული ქვეყნები მენახა... ჩვენ ხომ მოგზაურებიც არ გვყოლია, თითქმის არ გვყოლია ...[...]
ბიჭი - ამ ზღვაში აისბერგს რა უნდა? [...]
გოგო - უპირველესად წიგნებიდან და გარდა ამისა, როცა ცნობილი მოგზაური ტურ ჰეიერდალი ჩვენს ქვეყანას სტუმრად ეწვია, მამაჩემი პირადადშეხვდა მას...
ბიჭი - ტურ ჰეიერდალი გამოსავალსაც ადვილად მოძებნიდა ასეთ მდგომარეობაში
გოგო - თუ მაშველი გემიც დროულად გამოჩნდებოდა...
ბიჭი - არაფერი ჩანს?
გოგო - არაფერი ჰრიზონტზე და მხოლოდ ზღვა ირგვლივ [...]
 ზღვის ხმა მატულობს და სცენაზე მოულოდნელად მამაკაცი გამოჩნდება, რომელიც პირდაპირ წყალზე მოდის და მოულოდნელად კუნძულს ათვალიერებს. მამაკაცს ხელში კალათა უჭირავს)... [...]
გოგო - სულსწრაფობა ჩვენი ეროვნული პრობლემაა [...]
ბიჭი - [..]. როგორ მინდა რომ სიკვდილის წინ გიყურებდე შენ,  ვხედავდე ზღვას და გხედავდე შენ...
[...]
ბიჭი - ალბათ ნემსების დროა
ფერშალი - (შემოდის სცენაზე თეთრი ხალათით) მთელი დღე ეზოში ხართ, საკმარისია...
ბიჭი - ექიმმა გვითხრა, რომ ჩვენთვის ჰაერზე ყოფნა სასარგებლოა
გოგო - თანაც მთელი დღე ვთამაშობდით, ჩვენი ექიმი კი ამბობს, რომ რაც მეტს და ხშირად გავერთობით და ჩვენს ავადმყოფობას დავივიწყებთ, ჩვენთვის უკეთესია.
ფერშალი - დღეს რა ითამაშეთ?
ბიჭი - გემობანა
გოგო - გემობანა კი არა, ჩაძირობანა
ფერშალი - სათაურის გამო ნუ იჩხუბებთ, მითხარი როგორი თამაშია და თამაშის სახელს მე გეტყვით
ბიჭი - გემით მივდიოდით სოხუმში ...
გოგო - სოხუმში კი არა, გაგრაში
ფერშალი - ახლა ამაზეც ნუ იკამათებთ, მერე?
ბიჭი - შუა ზღვაში ჩვენი გემი ჩაიძირა
გოგო - მხოლოდ ჩვენ გადავრჩით, ორნი - ორ პატარა კუნძულზე და მერე ისევ ის გამოჩნდა [...]
ფერშალი - მე არ მითქვამს, რომ თქვენ გიჟები ხართ, მაგრამ თქვენ სერიოზული მკურნალობა გჭირდებათ, თვენ გინდათ ნემსები და წამლები...
ბიჭი - (აწყვეტინებს) მე სოხუმში მინდა...
გოგო - მე გაგრაში მინდა...
ფერშალი - აი, ხომ ხედავთ, დრო გადაგიცდათ და ისევ დაიწყეთ... წამოდით, წამომყევით, თქვენს პალატებში დაბრუნდით და თუ კარგად მოიქცევით, ხვალ ისევ გამოგიშვებთ ეზოში...
ბიჭი - ხვალ ისევ ვითამაშოთ
გოგო - ისევ გემობანა?
ბიჭი - ჩაძირობანა...
(ბიჭი და გოგო ფერშალს მიყვებიან და სცენიდან გადიან)
ფარდა

 

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

ჟანრი: პიესა

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: ოცდამეერთე

ავტორი: დათო ტურაშვილი

ადგილი: სოხუმი,შავი ზღვა,გაგრა