08.2032

სოფელ განთიადის კოსმოსური კვლევების ცენტრში გამალებული მზადებაა. რამდენიმე საათში ქართულ-აფხაზური კონფედერაციის კოსმონავტები დატოვებენ მიწას და შეუერთდებიან დედამიწის სხვა შვილებს მთვარის ნაზების რეკონსტრუქციაში. ჰოლოგრამული ქალთევზები უქნევენ ხელს ზღვის სიღრმიდან ნაპირზე შეგროვილ ტურისტებს აგვისტოს საღამოს ფიესტაში [...] ტურისტების ნაკადი მდინარესავით მიუყვება ქალაქის ტექნოლოგიებით დაპროექტებულ ქუჩებს. [...] სიხარულისა და თავისფლების ფიესტა. 24/7-ზე! _ აი, რა ხდება აფხაზეთში, რომელსაც უკვე "ევრაზიის კალიფორნიასაც" კი ეძახიან" _ წერს ჟურნალი "ნიუ-იორკ ტაიმსი" 2032 წლის აგვისტოს ნომერში.

[...] კითხვაზე: "რა უბნელი ხარ, ბრატ?" _ ყოველთვის ვპასუხობდი: სოხუმელი. სახლ-კარის უქონლობისა და მარადიულ დევნილად გადაქცევის გამო ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენი სახლი მთელი დედამიწაა, მაგრამ საიდენტიფიკაციო კოდად მაინც იმ ქალაქს ვასახელებთ, რომელშიც ბავშვობის მერე არასოდეს ვყოფილვართ. ეს ჩვენი ვირტუალური IP მისამართია. [...] ასე არის ჩემთვის სოხუმიც. ბევრსახიანი და ბევრნაირი ქალაქი, რომლის ერთგულები დავრჩით. არავინ იცის, რატომ... ჩემი ქალაქი სინამდვილეში ვირტუალური ქალაქების ნაკრებია. სადღაც დროსა და სივრცეში, ჩვენს ტვინებში წარმოსახული ქუჩები და სურნელები. და ის, რაც ჩვენ გვენატრება და გვიყვარს, თითქოს კვანტურ სუპერპოზიციაშია: თან არსებობს და თან _ არა. მე არ მახსოვს ის ლეგენდარული პლაჟები და სუბტროპიკები. მე მახსოვს ის, რაც იყო მას შემდეგ, როცა ედემის ბაღი დაიბომბა _ ნანგრევებში პატარა გოგოებთან კოცნაობები, ცივი სახლები და აფეთქების ექო. ჩემი სამშობლო სადღაც ამ ტერიტორიაზეა.

ედემის გეტოებიდან

[...] კორპუსის თავზე ანტენები საკმაოდ სუსტია, რომ გარე სამყაროს სიგნალები მიიღოს და არაფერი ადასტურებს იმას, რომ ამ პატარა საპორტო ქალაქის იქით არის სხვა სამყარო. [...] და მერე, წლების შემდეგ, დგება დრო, როცახვდები _ იმისათვის, რომ დამთავრდეს ომი, იმისთვის, რომ იზეიმოს სუბტროპიკულმა და არა რკინის სუნმა, ახალდაცლილი კალაშნიკოვის ლულას რომ ასდის, საჭიროა ყველაზე რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, საჭიროა დაივიწყო საკუთარი მკვდრები, საკუთარი დაჭრილები და საკუთარი დანგრეული კორპუსები, მაგრამ, პირველ რიგში, მკვდრები. იმიტომ, რომ , როცა მოვა დრო და განთადის საზღვრებთან ერთმანეთის პირისპირ დავდგებით, ისინი მოვლენ თავიანთი მკვდრებით, ჩვენ მოვალთ _ ჩვენებით [...].

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მწერალი (რეალური)

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: ოცდამეერთე (21-ე)

ავტორი: ზურა ჯიშკარიანი

ადგილი: აფხაზეთი,სოხუმი