პროექტის შესახებ

ონლაინპლატფორმა შექმნილია 2021 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში - შავი ზღვის სივრცის რეპრეზენტაცია ქართულ ლიტერატურასა და ისტორიოგრაფიაში: ვირტუალური რუკა (სატესტო ვერსია).

პროექტი ითვალისწინებს, შესაბამისი კვლევითი მიდგომებით, იმგვარი ონლაინ პლატფორმის შექმნას, რომელიც კულტურულ მეხსიერებას ვირტუალური ფორმით წარმოადგენს. კერძოდ, შავ ზღვასთან დაკავშირებით ქართულ (და შემდეგ _ შავი ზღვის აუზის ქვეყნების: უკრაინის, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთის) წერილობით ძეგლებში (შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, თანამედროვე ლიტერატურული და ისტორიოგრაფიული ნარატივების ჩათვლით) ასახული კულტურული წარმოდგენების/მოდელების გამოვლენასა და ციფრული რუკის სახით წარმოდგენას.

საპროექტო ჯგუფი

  • პროფესორი ბელა წიფურია
  • ასისტენტ-პროფესორი ცირა კილანავა
  • პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი
  • ასოცირებული პროფესორი გრიგოლ ჯოხაძე

იდეის ავტორი და ჯგუფის კოორდინატორი

  • ცირა კილანავა

კვლევითი ასისტენტი

  • ანნა ოთხმეზური

ჯგუფის წევრები

  • თეონა გურგენიძე
  • ნანა ზარდიაშვილი
  • ანა ჭრელაშვილი
  • ბექა ხოჯავა
  • ქეთევან ქათამაძე

დეველოპერები

  • თამაზ მინდიაშვილი
  • რატი გუმაშვილი

მეთოდოლოგია

პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე იდენტიფიცირდა შავი ზღვის სივრცესთან დაკავშირებით ქართულ ლიტერატურაში ასახული ტექსტური მონაცემები დიაქრონული პრინციპის გათვალისწინებით. შავი ზღვის სივრცისადმი კულტურულ დამოკიდებულებათა გამოსავლენად ტექსტები დამუშავდა ონლაინინსტრუმენტ doccano-ს საშუალებით. ამ გზით გამოვლინდა დადებითი, უარყოფითი და ნეიტრალური მიმართებები/ემოციის აღმნიშვნელი ლექსიკური მარკერები. 

ნავიგაცია

რუკა

გვერდი წარმოდგენილია ორი კომპონენტით: ძირითადი ნაწილი ეთმობა საკუთრივ რუკას, მასზე გამოსახული მარკერებით, ხოლო მერე — ჩანაწერების სკალას, რომლის გადაადგილების შესაბამისადაც შესაძლებელია კლასტერიზებული მარკერების გაფილტვრა. მარკერზე დაჭერისას იხსნება ფანჯარა, რომელშიც შესაძლებელია კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებული ჩანაწერების სტატისტიკის ნახვა. აქედანვეა შესაძლებელი შესაბამისი ადგილის მიხედვით გაფილტრული ჩანაწერების გვერდზე გადასვლა.

რუკაზე არსებული ღილაკები განკუთვნილია მისი მასშტაბირებისა და რეპოზიციონირებისთვის.

სკალის კიდური თარიღები გენერირდება დინამიკურად, ბაზაში რეგისტრირებული ჩანაწერების შესაბამისად.

ტექსტები

ბაზაში რეგისტრირებული ყველა ტექსტის ნახვა შესაძლებელია მენიუს შესაბამისი პუნქტიდან („ტექსტები“). აქ არსებული ფილტრები საშუალებას იძლევა, ვიპოვოთ სასურველი ჩანაწერი პრაქტიკულად ნებისმიერი შესაძლო პარამეტრით:

  • „კატეგორია“ ლიტერატურული და ისტორიული თემატიკის მიხედვით ჩანაწერთა დახარისხბის საშუალებას იძლევა;
  • ველებით „ტიპი“ და „ჟანრი“ მონაცემები იფილტრება შესაბამისი პარამეტრებით;
  • „პერიოდი“ იძლევა საშუალებას, მონაცემები დაიყოს დროით ინტერვალებად;
  • ველი „საუკუნე“ უნდა შეივსოს მხოლოდ ლათინური სიმბოლოებით. ქრისტეშობამდელი ან ქრისტეშობის შემდგომი პერიოდის აღსანიშნავად აირჩიეთ AC/BC. მაგალითად: XII AC და ა.შ.;
  • იმ შემთხვევაში, როდესაც აუცნობია/დაუზუსტებელია ნაწარმოების შექმნის ზუსტი თარიღი, გამოყენებულია ველი „კიდური თარიღები“ (მაგალითად: 1920-დან 1924-მდე);
  • „ადგილი“ — აღნიშნული ველი ფილტრავს იმ ადგილებს, რომლებიც ნახსენებია ამა თუ იმ ტექსტში;
  • ჩანაწერების მოძიება შესაძლებელია ასევე ავტორის სახელის, გვარის და/ან ფსევდონიმის მიხედვით;
  • პროექტის მიმდინარე ეტაპზე "ტექსტებიდან" შესაძლებელია ქართულენოვანი ჩანაწერების ნახვა, მომდევნო ეტაპებზე კი შავი ზღვის სივრცისადმი სხვადასხვა კულტურაში დიაქრონულად არსებული ემოციური დამოკიდებულებების გამოსავლენად და შედარებითი ანალიზისთვის დაგეგმილია შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტექსტურ მონაცემთა ასახვაც.

შესაძლებელია ძებნის პარამეტრებისა და გენერირებული შედეგების შენახვა. ამისათვის არსებობს შესაბამისი ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა, სასურველ ელფოსტაზე გაიგზავნოს ფილტრში გაწერილი მნიშვნელობები.

მონაცემები გენერირდება ცხრილის სახით. პირველ სვეტში არსებულ საინფორმაციო ღილაკზე დაჭერისას შესაძლებელია ჩანაწერის სწრაფი ნახვა. გახსნილი ფანჯარა შეიცავს ცნობებს ნაწარმოების სახელწოდების, ავტორის, თარიღის, ტიპის, ადგილისა და დამატებითი ცნობების შესახებ. აქვე შესაძლებელია რუკისა და ტექსტის ფრაგმენტის ნახვა. მომხმარებელს საშუალება აქვს, გადავიდეს ჩანაწერის სრული ვერსიის სანახავად ან აღნიშნული ფანჯრიდან, ან ცხრილის უკიდურეს მარჯვენა სვეტში არსებულ შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს, მოვნიშნოთ რამდენიმე ტექსტი და ცხრილის მარცხენა მხარეს არსებული შედარების ღილაკით ერთროულად ჩავტვირთოთ არჩეული ჩანაწერები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესაძლებელია მხოლოდ ორი და/ან ოთხზე ნაკლები ჩანაწერის პარალელურად ნახვა.

აქვე არსებული მონაცემების ექსპორტის ღიკლაკი საშუალებას გვაძლევს, გავიტანოთ ჩანაწერები csv ფორმატით.

ჩანაწერი (შიდა გვერდი)

გვერდი წარმოდგენილია რამდენიმე კომპონენტით. აქ, მომხმარებელს საშუალება აქვს, ნახოს ტექსტის ორიგნიალური და ანოტირებული ვერსიები, სრული მეტამონაცემები (კატეგორია, ტექსტი, ტიპი, ჟანრი, პერიოდი, საუკუნე, წელი, ავტორი, ადგილი და დამატებითი ინფორმაცია), მკვლევრების მიერ მომზადებული კრიტიკული კომენტარი; ასევე ავტორსადა ადგილთან დაკავშირებული სხვა ტექსტები.

ნაწარმოების სახელწოდების გასწვრივ მდებარე ღილაკები საშუალებას იძლევა, გავეცნოთ ტექსტის ორიგინალსა და ანოტირებულ ვერსიას. ჩამოსაშლელი მენიუდან მომხმარებელს შეუძლია

  • დაბეჭდოს ან ელფოსტით გაგზავნოს შესაბამისი ტექსტი;
  • შეინახოს ჩანაწერის შესაბამისი ბმული;
  • ჩამოტვირთოს ტექსტის ანოტირებული ვერსია JSON ფორმატით.

ანოტირებული ტექსტი წარმოდგენილია ცხრილის სახით, სამ სვეტად. პირველ სვეტში (ID) მოცემულია წინადადების უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც ჩანაწერს ენიჭება ავტომატურად, doccano-ს მიერ. „ტექსტში“ შესაძლებელია წინადადების დონეზე ჩაშლილი ჩანაწერების ნახვა, ხოლო სვეტ „მარკერში“ — მკვლევრების მიერ ამა თუ იმ წინადადებისთვის განსაზღვრული შესაბამისი ემოციური მნიშვნელობა.

ცხრილის ქვემოთ არსებული პანელი საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ ტექსტის ემოციური მარკერების ზოგადი სტატისტიკა.

გაფერადების ღილაკზე დაჭერა საშუალებას გვაძლევს, შევაფერადოთ ცხრილი მარკერების შესაბამისად (კვლევის საწყის ეტაპზე დაიგეგმა სამი მნიშვნელობის (Neutral, Positive და Negative) აღწერა), ხოლო ღილაკი ვიზუალიზაცია აგენერირებს ჩანაწერის სტატისტიკის საფუძველზე შექმნილ გრაფიკს.

ციტირება

პირებს, რომლებიც დაინტერესბულნი არიან არსებულ ბაზაში ასახული ჩანაწერების გამოყენებით, რესურსის ციტირებისას, ვთხოვთ, გამოიყენონ ქვემოთ მოცემული სტანდარტი.

ზოგადი ციტირება

შავი ზღვის სივრცის რეპრეზენტაცია ქართულ ლიტერატურასა და ისტორიოგრაფიაში: ვირტუალური რუკა (თბილისი, 2021), http://blacksearepresentation.iliauni.edu.ge. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი. წვდომის თარიღი: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

უკუკავშირი

მისასალმებელია უკუკავშირი მონაცემთა ბაზის შინაარსისა და გამოყენების ნიუანსებთან დაკავშირებით. საპროექტო ჯგუფი ასევე მზადაა, მიიღოს რესურსის სრულყოფასთან დაკავშირებული საქმიანი შეთავაზებები. გთხოვთ, დაუკავშირდეთ BSR-ის კოორდინატორსა და რედაქტორს, ასისტენტ-პროფესორ ცირა კილანავას (tsira.kilanava@iliauni.edu.ge)