"ზამთრის ზღვა"

დავღვინდი, მგონი რაღაცასაც მივხვდი და ზღვისპირა პატარა ქალაქშიც ჩამოვედი. ზამთრის ზღვა უჩვეულოდ მშვიდია. სანაპირო უკაცრიელი. წყნარი. ვდგავარ ჩემი წიგნაკით და ვეღარაფერს ვამატებ. შეგიცურავთ ზამთრის ცივ და წყნარ ზღვაში?! ტალღებიც რომ გაშეშებულან და გელოდებიან. არავის შეუცურავს. მე უნდა შევაცურინო, ჩემი ისტორიული ნარკვევითა თუ ჩანაწერებით, ზამთრის ზღვის სითბო რომ იგრძნონ. 

გაშეშებულ ტალღებთან თოლიები დაფრინავენ. საკვებს ეძებენ სადღაც იქ, ზღვის სიღრმეში (გვ. 6).

ანდრო პაპა სიკვდილის წინ მხოლოდ ზღვას ხატავდა, ჰორიზონტს და გემებს. თოლიები არასდროს დაუხატავს, ყვავები ხომ არა და არა [...] სანაპიროს ნელ-ნელა დავშორდი და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მარისთან წავედი (გვ. 7).

არ ვიცი, სანაპიროზე რატომ გამახსენდა (ყოფილი შეყვარებული _ ც.კ.). ჩვენ ხომ მთაში დავდიოდით ერთად. ამ ქალაქში ერთხელ ჩამოვედით (გვ. 14). ბიჭვინთელ ფიჭვს ვინ ჩივის და ის კაციც კი მენატრება. ჩემი მდუმარე მეგობარი. ჩემი ბობი ფიშერი (გვ. 88).

შუქურა ისევ აინთო. ზღვა და ზღვის სანაპირო გაანათა. მესიამოვნა. მესიამოვნა კი არა და, გამიხარდა. თითქოს რაღაცას გადავრჩი. რაღაც ძალიან რთულს. გარდაუვალს (გვ. 93).

_ ცოტას გავივლი, სანაპიროზე გავისეირნებ. _ ვპასუხობ მარის. _ დიდი მადლობა (გვ. 21)

სანაპიროს მივუყვები. ზამთრის შეციებული მზე ჩადის. თითქოს უნდა ზღვაში გათბეს. [...] მზის ანარეკლს ვუყურებ ზღვაზე. [...] პორტის კაფე. შეციებული გემები კივიან, მაგრამ ესენი სულ კივიან, სიცხეშიც და ყინვაშიც. სადღაც შორს მიჰყავთ ადამიანები ან ტვირთი მიაქვთ ან ადამიანების ტვირთი (გვ. 22).

ფანჯრიდან ზღვა ჩანს. [...] გემები კი კივიან, ნაპირს შორდებიან და ბრუნდებიან, მიაქვთ და მოაქვთ ადამიანების ტვირთი. ბიჭვინთელი მეთევზე გამახსნედა (გვ. 23). მესიზმრება, რომ წლების მერე ისევ ვნახე, იმავე სანაპიროზე, ისევ კოვბოის ქუდი ეხურა, თავისებურად, მაზალოდ (გვ. 24).

გარეთ ვიყურები. ისე ჩამობნელდა, ზღვა თითქმის აღარ ჩანს. სადღაც შუქურა ანათებს, მაგრამ სანაპირო ზოლამდე ვერ წვდება. მხოლოდ შუქი მოსჩანს და ზღვა კი სიბნელეშია ჩაკარგული. [...] ზღვის სიბნელეში ანარეკლი იმდენად ლამაზი და დახვეწილია, რომ ფანჯარას თვალს ვწყვეტ და მარის ვუყურებ (გვ. 25).

ზღვაზე მზე და მთვარე ძალიან ახლოს არიან, ვარსკვლავები კი ძალიან შორს. [...] მეგობარს რომ კარგავ, უფრო მთაში გრძნობ. [...] ზღვა სივრცეა, მოგონებები უნდა გაფანტოს, მაგრამ რატომღაც მოაქვს (გვ. 38). 

ახლა კი ვწერ. თანაც ეს მოგონება მღრღნის და მოსვენებას მიკარგავს. ზამთრის ზღვას ვერაფრით გავატანე. ზამთრის ზღვას, რომელიც უჩვეულოდ მშვიდია. ტალღები არ იძვრის. არ მელაპარაკებიან. [...] 

ზურა პაპა პარიზში ბათუმიდან გემით წავიდა. ნეტავ, წელიწადის რა დრო იყო?

ნეტავ, როგორი ზღვა იყო, მშვიდი თუ აღელვებული? წყნარი თუ ბობოქარი? ნეტავ, მზე ჩადიოდა თუ ამოდიოდა? [...] გემი მიარწევდა ზურა პაპას. მხოლოდ ჰორიზონტს ხედავდა. ჰორიზონტს იქით კი არაფერს _ სიცარიელეს, მარტოობას, მიუსაფრობას, სიუცხოვეს. მოგონებები სტანჯავდა ზღვის ავადმყოფობასავით (გვ. 50-51).

ბავშვი ვიყავი და ომი არ მენახა. ზღაპარი კი დავწერე გმირზე. [...] ოჯახი ზღვისპირა პატარა ქალაქში ცხოვრობს. ბიჭიც ხშირად ჩუმ-ჩუმად იპარება პორტში და პაპას ელოდება, ჰგონია, რომ გემით დაბრუნდება და საჩუქრებს ჩამოუტანს (გვ. 69).

უეცრად შუქურა ჩაქრა. ზღვა საერთოდ აღარ ჩანდა. სიბნელემ შთანთქა. გააქრო. მაშინებდა ზღვის ასეთი სიჩუმე, გაუჩინარება. თითქოს რაღაც ძვირფასი დავკარგე. რაც მთელი ცხოვრება მიმყვებოდა და ყველაზე მეტად მიყვარდა. უცებ კი გაქრა. სიბნელეს შეერწყა, აორთქლდა (გვ.84).

ჩემი ბიჭვინთელი მეგობარი მოხუცი ფიჭვი დამესიზმრა. ნეტავ, ცოცხალი თუა? ნეტავ ვახსოვარ? (გვ.87)

მყინვარზე ვიყავი. ყაზბეგში დაბრუნებისას რატომღაც შფოთმა ამიტანა. თბილისში წამოსვლა დავაპირე. [...] გზად გავიგე, რომ აფხაზეთში ომი დაიწყო (გვ. 112).

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა (ლიკა _ ყოფილი შეყვარებული _ ც.კ.), როგორც სოხუმის ბოტანიკური ბაღის ბამბუკის ტყე. [...] მზე ზღვაში იძირებოდა და ზღვიდან მთვარე ამოდიოდა (115).

შუქურა ბჟუტავდა და ჩაქრა, უკვე უნდა ჩამქრალიყო, რადგან თენდებოდა. წამოვდექით და ზღვას გადავხედეთ, რომელიც შუქურის გარეშეც ჩანდა. ბარში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ზამთრის ზღვაც მარტო იყო. უჩვეულოდ წყნარი. ნელი ნაბიჯით გავუყევით სანაპიროს [...] (გვ. 118).

ზღვა დედაჩემმა შემაყვარა. სულ დავყავდი. იცი რა, მისთვის ზღვა ფსიქოთერაპია იყო. მამაჩემს აგონებდა. ზღვაზე გაიცნეს ერთმანეთი, სოხუმის ბოტანიკურ ბაღში. იმ ბამბუკის ტყესაც ნახავდნენ, ანდრო რომ მიყვებოდა [...] მამაჩემი აფხაზეთის ომში დაიღუპა, უფრო სწორად, ომამდე ვერ ჩააღწია. სოხუმი ეცემოდა და დასახმარებლად თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავით მიდიოდნენ. [...] თვითმფრინავი კი სოხუმის აეროპორტში აფეთქდა, იქნებ, ასე სჯობდა. არავინ ესროლა და არავისთვის უსვრია (ნაწილი მეორე. მარი. გვ. 123).

დედაჩემს ზღვა უყვარს. მე ვუყვარვარ და ზღვა. მამაც უყვარდა, მაგრამ აღარ ჰყავს. [...] ახლა ვხვდები, რატომ უყვარდა ასე ზღვა. იქ ხომ მამაჩემი გაიცნო. დედამიწის ზურგზე მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, რომელიც მალე დაკარგა. [...] ზღვა მამაჩემს ახსენებდა. ზღვის ხმაურს, ზღვის ტალღებს მამაჩემის ხსოვნა მოჰქონდათ. ზღვას ხომ რაღაც მიაქვს და რაღაც მოაქვს.  [...] იქნებ, მართლა ბამბუკის ტყესთან გაიცნეს ერთმანეთი ან მაიმუნების საშენთან ან გაგრაში. სადღაც მაღლობზე, საიდანაც ზღვაზე მსოფლიოში ყველაზე კარგი ხედია. დედაჩემი ასე ამბობს, თორემ ლამაზ ხედებს ქვეყნად რა დალევს. ან რიწის ტბაზე, ტენიანი ზღვიდან რომ ადიხარ და ჟანგბადს ხარბად ისუნთქავ. 

მამამ ზღვამდე ვერ ჩააღწია. დედას კი ზღვა მამაჩემს ახსენებს (გვ. 125).

იქნებ, მამაჩემიც წასულიყო ემიგრაციაში, წავეყვანეთ და არ მოკვდებოდა. იცი რა, ხო შეიძლება, ვიოცნებო. მაგრამ სად წამსვლელი იყო, განწირულ ქალაქში გაიქცა. [...] ამ არჩევანის გამოც მეყვარება მთელი ცხოვრება (გვ. 129).

ანდრომ სადგურამდე მიმაცილა. თენდებოდა. სადგურიდან სანაპირო და ზღვა ჩანდა. თოლიები და ყვავები საკვებისთვის იბრძოდნენ [...] მითხრა, რომ სანაპიროზე გაისეირნებს, ზამთრის ზღვა ხომ უჩვეულოდ მშვიდია, მერე ჩანაწერებს ჩაუჯდება [...] დაღუპულა. ზამთრის ზღვაში შეუცურავს. ზამთრის ზღვის სიმშვიდემ მოატყუა ზღვიდან ამოსულა და ნაპირზე უნახავს მოხუც მეთევზეს გარდაცვლილი. იცი რა, ეს ტყუილი ანდრო იქნებოდა. მხოლოდ მისი სხეული ნახა მეთევზემ. ნამდვილმა ანდრომ ბავშვობის ოცნება აისრულა. იახტა იყიდა. ზღვაში შეცურა. კარგა ხანია წითელ ტივტივას გასცდა, ჰორიზონტსაც... მერე მეორეს, მესამეს... და მიცურავს... ( დასასრული _ ც.კ. გვ. 131-132).