"დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია"

კაცი ახლა ჩუმად იცინოდა. მერე ზეწარი შიშველ ტანზე შემოიხვია, ლოგინზე დადგა და თვალების აქეთ-იქით ცეცებით სწრაფად და ნერვულად დაიწყო:

"დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია. ერთ დროს სიცოცხლე იყო დიოსკურიაზე და ზღვა სულ არ იყო იქ. მერე ზღვა მივიდა და დიოსკურია კუნძულად გადაიქცა. ზღვა რომ აღელდებოდა, მისი ტალღები თეთრი ქვით ნაშენ სახლებს ანგრევდა, მერე წყნარდებოდა და ისევ უკან იხევდა. ხალხი თავიდან აშენებდა დანგრეულ სახლებს და ოჯახებს. შემდეგ ისევ მოვარდებოდა ზღვა და თავიდან იწყებოდა ყველაფერი. ერთხელაც, სულ მოშორდა ზღვა დიოსკურიას. ზღვა არაფერს ერჩოდა, მაგრამ ახლა ადამიანები დაერივნენ ერთმანეთს: ხოცავდნენ, ჟლეტდნენ, აუპატიურებდნენ, სპობდნენ! ადამიანები თავიანთ საკუთარ ოჯახებსაც ანგრევდნენ და სპობდნენ და ფიზიკურად და მორალურად, შეგნებულად და შეუგნებლად, ნებით და უნებლიეთ [...] გესმის, ოჯახებს კლავდნენ განზრახ, ნებით და უნებლიეთ. საშინელება ტრიალებდა დიოსკურიაში. გაბრაზდა დიდი ზღვა, ისევ მოვარდა ქალაქში და მთლიანად ჩაძირა ის.

კაცმა პირი მკლავით მოიწმინდა.

_ ახლა მისმინე. _ განაგრძო მერე, _ არავინ იცის, პირველად რატომ მივიდა ქალაქთან ზღვა, რატომ ანგრევდა რატომ მოშორდა და ბოლოს, რატომ ჩაძირა სულ. მე ვიცი მხოლოდ და შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ვუმხელ. ზღვამ გააჩია დიოსკურია და მისცა ადამიანებს სიცოცხლე და სიკეთე. მერე მივიდა და გამოსცადა მათი სიკეთე. დიდხანს სცდიდა ზღვა. იმიტომ, რომ იცოდა, რო სიკეთეს ყველაზე მეტხანს სჭირდებოდა გამოცდა. წავიდა მერე და რომ გაიგო ხალხის ცოდვები, უკან დაბრუნდა და ჩაძირა მთლიანად თეთრი ქალაქი. ზღვა ყოვლისშემძლეა!

[...]

ათი წლის ვიყავი. თოვდა სოხუმში. იშვიათად თუ მოთოვს სოხუმში.

[...]

საღამო იყო. მე და დედა სასაფლაოდან ვბრუნდებოდით. ქარი ამოვარდა უცებ. ზღვაზე ხშირად იცის ასე. სანაპიროთი მოვდიოდით. ზღვა ჯერ ძალიან არ ღელავდა, შავი იყო ოღონდ და ძალიან შორს ასეთივე შავ ღრუბელს უერთდებოდა. ყველა სადღაც გარბოდა. ჩვენც, როგორც შეგვეძლო.