"პალიასტომის ტბა"

მაგრამ ამისთანა სარგებლობასთან ერთი სახიფათო რამაც სჭირს გურულების ფოთს მისვლა-მოსვლას: აღმოსავლეთის კარებთან, საიდანაც გასასყიდელი რამეებით გამგზავრებული გურულები უნდა შევიდენ თავიანთის პატარა ვარცხლა ნავებით, სდგას ერთი მრისხანე მეკლიტული, რომელიც ხანდახან ისე გაჯიბრიანდება, რომ მთელის კვირაობით, გურულად რომ ვსთქვათ, აყურყუტებს აქ ფოთს მიმავალს მგზავრს; თუ ზაფხულია, კოღოები სწევენ ქელეხს ამ საცოდავის მგზავრის სისხლზე, თუ ზამთარი, სიცივე უხვრეტავს ძვალ-რბილს. მშრალი ადგილიც ძვირია (მთელი აქაური არემარე ჩალით დამოსილი ჭაობია), რომ ცეცხლი მაინც დაინთოს კაცმა. მრისხანე მეკლიტული, რომელსაც მე მოგახსენებთ, გახლავთ პალიასტომის ტბა, რომელიც თითქო შავ ზღვას გადმოუტყორცნია და დაუბარებია: წადი, აღმოსავლეთის მხრით, შენ უდარაჯე ქ. ფოთსაო. თითქო შავ ზღვას უმზითვებია ამ პატარა თავისი ნათესავისთვის შფოთიანობა, გახელება, ადამიანის მტრობა. როცა ქარი ამოიჭრება, პალიასტომიც გაშავდება, გაპირკუპრიანდება, წამოიქოჩრება, პირზე თეთრ დორბლს მოიყენებს და ცასა და ქვეყანას ჩაყლაპვას უპირებს ეს პატარა ვეშაპი. თუმცა დიდი არ არის ეს ტბა, თვალმახვილი კაცი მისი შუაგულიდან ადვილად დაინახავს იმის ჩალიან ნაპირებს, მაგრამ სიმარდე და ზნე კი შავი ზღვისა აქვს, შავი ზღვისა, რომელთანაც პალიასტომი შეერთებულია გვარიანის მოგრძო და ფართო სრუტეთი. [...]

პალიასტომის შესახებ გურიაში არსებობს ერთი ლეგენდა: ეხლა რომ ტბაა, იმ ადგილას უწინ, თურმე, ხმელეთი იყო, ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს “პავლიას ტომს” ეძახდენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხიც და ყოველივე სულდგმული დაირჩო, მხოლოდ ერთმა დიაკვანმა მოასწრო, გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენესო. ჯუმათის მთაზე ეკლესია (მონასტერი) დღესაც არსებობს. ხალხი, გვარად დარჩია, დღესაც ცხოვრობს სოფ. ჯუმათში და ბევრი მათგანი სასულიერო წოდებისაა, მაგრამ ლეგენდაში მოყვანილი ამბავი რამდენად მართალია, ამისი კი რა მოგახსენოთ. პალიასტომის ტბა უფრო მის მახლობლად მდებარე მთებიდან მონაწრეტსა და დაბლობში შეგროვებულ წყალსა ჰგავს, მინამ მიწისძვრისაგან ამონახეთქსა, თუმცაღა შეუძლებელი კი არც ამ უკანასკნელშია რამე. [...]

ხსენებული ტბა სამეგრელოს თავადს დადიანს ეკუთვნის და მეთევზე მეგრელები აუარებელ თევზს იჭერენ შიგ თავიანთი ღრიფით. თუ როგორ გამხდარა სადადიანოდ პალიასტომი, ამის შესახებაც ერთი ლეგენდარული ზეპირი გადმოცემა არსებობს გურიის ხალხში: ერთი რაღაც შემთხვევის გამო სამეგრელოს თავადს დადიანს თავისი ვაჟიშვილი მიუცია გურიის მპყრობელ გურიელისათვის მძევლად. გურიელს, მძევლის აყვანის შემდეგ, კიდევ მაინც რაღაც ეჭვი აუღია დადიანზე - მღალატობსო. ამიტომ ახალი წლის წინა დღეებში მოუჭრია თავი მძევლად აყვანილ დადიანის ვაჟისათვის, ჩაუდვია ეს თავი ყუთში და უთქვამს: ვინც ამას ახალწელს დილით დადიანს მიუტანს, გლეხი იქნება, აზნაურობას ვუბოძებ და აზნაური - თავადობასაო. ერთს გლეხს უკისრია მიტანა; შემჯდარა ცხენზე და სწორედ ახალწელს წირვაზე წასვლის დროს მიურთმევია დადიანისათვის დაკეტილი ყუთი - გურიელმა მოგართვაო. როცა დადიანს ყუთის გასაღები მოუთხოვია, გლეხს შემოუკრავს თავში ხელი: “ვაიმე, წუხელ სხვაგან ღამე გავათიე და იქ დამრჩენიაო”. ამ სიტყვებით გლეხი მოხტომია ცხენს და გამოუწევია შინისაკენ, ვითომდა კლიტის მისატანად. როცა დადიანს დაუნახავს, ყუთის მომტანი გლეხი აღარ დაბრუნდაო, გაუტეხია ყუთი და უნახავს, რაც იდო შიგ - თავის შვილის თავი. ამაზე ატეხილა გურიელსა და დადიანს შორის ჩხუბი. უკანასკნელ, როგორც ყოფილა, მორიგებულან და დადიანს თავის შვილის სისხლში გურიელისაგან პალიასტომის ტბა აუღია. [...]

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვით, საშინელი ცუდი დარები იდგა, პალიასტომის ტბის მახლობელ ტყეებში გაისმოდა ცულების ხათქახუთქი და წამდაუწუმ ხის წაქცევისაგან - გრიალი. მუშა გასეოდა ტყეებს და ამზადებდა ფოთს გასასყიდს ხეებს. მუშაობდენ, ავდრის და სიცივის მიუხედავად, დასველებულები, სიცივისაგან ხელფეხდაწითლებულები; მუშაობდენ მოუსვენრად და ღამით დაქანცულ-დაღლილები ეყრებოდენ აქა-იქ ფარღალალა კარვებში, ცეცხლის პირას, დასაძინებლად. ვისაც ნაბადი ჰქონდა, ეხვეოდა ნაბადში და უმეტესობა კი ისე გაუხდელად, სველის ტანისამოსით მიეგდებოდა დილამდე წკნელის ლოგინზედ და ხის მუთაქაზედ. ბევრს კარავში წვეთი და წვიმის წყალიც ჩადიოდა, რადგანაც მუშას ვერ მოეცალა ხეირიანად კარვის სახურავის გასწორებისათვის. [...]

პალიასტომსა და გურიის სოფლებს შუა, რიგ-რიგად, უშველებელი ზოლებივით მდებარეობს ჯერ სოფლების ბოლოს, საყანე და საბალახო ადგილები, მერე დიდი, თუმცაღა ჭაობიანი, მაგრამ სხვადასხვა ხეებით მდიდარი ტყე და უკანასკნელ ისლით და ჩალით დამოსილი ადგილი, რომელსაც გურულები ეწერს ეძახიან. კარგი სანახავია ეს ეწერი, გაზაფხულზედაც თვალის წარმტაცის სიმწვანით და შემოდგომაზედაც ჩალისფერი სიყვითლით; თვალს იტაცებს, მაგრამ კიდეც ატყუებს: იქ, სადაც თვალს ხავერდით მოფენილი ჰგონია არე-მარე, ჭაობსა და დამპალს წყალში გეფლება ფეხები. კარგი რამ არის ეს ეწერი მონადირისათვის მაშინ, როცა დასთოვს და გაჰყინავს: ვეღარსად ემალება მონადირის ძაღლებს აქ გამოდევნილი ღორი ან შველი. ტყესა და ეწერს ხაზავს აუარებელი პატარა მდინარეები (გურულად ნოყო), რომლებისგანაც შესდგება ორი სანავო და სატივო მდინარე. ეს სანავო მდინარეები იწყება სოფლების ბოლოდან და ჩაერთვის პალიასტომს. [...]

ფოთს წასაღებად დამზადებული ხეების ბედ-იღბალი ტაროსზეა დამოკიდებული: თუ წყალდიდობა არ შეხვდა, ისე ის ნოყოები, რომლის პირებზედაც ხეებს ამზადებენ (დიდრონ სანავო წყლების პირზე ამ ტყეში ხე გამოილია), წყლის სიცოტავის გამო ტივს ვერ აიღებს. ამიტომ ხშირად ხდება, რომ გოლვიანი წელიწადი ზედიზედ მოჰყვება ერთმანეთს, წყალდიდობა არ გაჩნდება და დამუშავებული ხეები ძირზედვე ლპება. ამიტომაც არის, რომ ტყეში მომუშავე, რა დაამზადებს ხეებს, მას შემდეგ მუდამ ცას შესცქერის: როდის იქნება ერთი წვიმა დაუშვას და წყალდიდობა დეიწყოსო. მართალია, წვიმა გურიაში, შავი ზღვის სიახლოვის წყალობით, იშვიათი არ არის, მაგრამ ისეთი წვიმა და წყალდიდობა, როგორიც ხის პატრონებს ეჭირვებათ, წელიწადში ორჯერ-სამჯერ თუ მოხდება - ხან, როგორც ვთქვით, ისიც არა. მაგრამ იმ წელს, რომელსაც ჩვენი ივანე ვნახეთ ტყეში, თებერვლის თვეში დაუშვა ისეთი წვიმა, რომ მდინარეებმა ხე და მიწა წაიღეს. ახლომახლო სოფლებიდან მუშა ხალხი ჩალაგდა ტყეში, ასე რომ სოფლებში, ბავშვებს და ქალებს გარდა, მუშახელი არ დარჩენილა. ვისაც თავისი ხეები ჰქონდა, ის იყო, და ვისაც არა, ისინი ქირით მიჰყავდათ. რა თქმა უნდა, ივანეც თავის ნიკოთი და რამდენსამე ნაქირავები კაცით გაჩნდა თავის ხეებთან. მთელს თხუთმეტს დღეს ეზიდებოდა ხალხი ხეებს ნოყოებიდან “ტანწყალზე”. მართალია, სიცივე წყალში მომუშავეებს ძვალსა და რბილს უყინავდა, მაგრამ ეხლა სიცივეს ვინღა მიაქცევდა ყურადღებას! ისეთი წყალდიდობა, როგორც მაშინ იყო, იქნება სამს წელიწადშიაც აღარ გამოჩენილიყო, და ამიტომ, თუნდა ჯოჯოხეთი ყოფილიყო, მუშას თავისი ხე მაინც უნდა წაეღო ფოთს. როცა გამოალაგეს ხეები “ტანწყალზე”, შეკრეს დიდრონი ტივები და მიაცურებდენ ფოთისკენ, ზოგი წინ, ზოგი უკან, ვის როგორც შეხვდებოდა, ისე. ივანემაც შეჰკრა უზარმაზარი ტივი, დაითხოვა ნაქირავები მუშები, დაისო თავისი ნიკო ტივზე, გადაიწერა პირჯვარი და გაუდგა ფოთისკენ. [...]

როცა ივანემ პალიასტომს მიუწია, დაღამდა კიდეც. თუმცაღა მოიწმინდა, მაგრამ უმთვარო ღამე იყო და ბნელოდა. თან ცოტა ქარმაც მოუბერა. “ბიჭო, სიდან ამოგირგილდა აი წყეული ზენაის ბინდი”, - უკმაყოფილოდ სთქვა ივანემ, მერე შეხედა ცას და დაატანა: - ვარსკვლავები ისთე ცქრიალებს, რომ ქარი იმატებს. ნიკო, ამეღამ აქანაი დავაბათ ტივი და გავათიოთ ღამე. ამ ბნელ ღამეში ერთი რომ მოაცილოს პირს ტივი, გათავდა, დევიკარქვით წყალში. მერე შენ რომ არ მეჯდე ტივზე, კიდევ სხვაა. მე ბევრჯელ ვარეს დარშიაც გადამიარია აგი. მარა შენ? შენ ამისთანა ბნელ ღამეში ვერ განდობ ამ მყლაპავის პირს. გამოუცთელი ხარ. ერთი კუმი რომ ვაგლახათ მოხთეს ტივს, გადაგაგდებს!” ამ სიტყვებით ივანემ მისწია ტივი ნაპირისკენ. როცა ხმელეთს მიუწია, დაასო სარი, დააბა ზედ და მამა-შვილი გავიდენ ნაპირზე. ივანემ მონახა ჩალაში მშრალი ადგილი, სადაც ცეცხლის დანთება შეიძლებოდა, დააკვესა და გააჩინა ცეცხლი. მერე გადმოიტანა შეშა, რომელიც ტივზე ეყარა და ისეთი დოჩხაური დაანთო, რომ ერთი საჟენის სიმაღლეზე ადიოდა ალი. მაგრამ ისეთი ცივი ღამე იყო, ისეთი ცივი ქარი ქროდა (ივანეს სიტყვა ასრულდა: მძლავრი ქარი ამოიჭრა), რომ ცასწმინდას ქვეშ დანთებული ცეცხლი სრულიადაც ვერ ათბობდა იქ მყოფთ. მეტადრე საწყალი ნიკო სულ გაჰყინა. მისი კბილების რაკარუკი გულს უკლავდა ივანეს, რომელიც ახვევდა შვილს ნაბადს, მაგრამ ნაბადი ტივზე დასველებულიყო და სითბო სრულიადაც არა ჰქონდა. შუაღამის შემდეგ ქარმა იკლო. უკანასკნელ, როგორც იქნა, ნიკოს ჩაეძინა, ივანემაც მიდო თავი და, როგორც იტყვიან, თვალი მოატყუა. მაგრამ ჩქარა ალიონმა მოუსწრო და წამოხტა ზეზე. ნიკოც გააღვიძა. ახლად გაღვიძებული ნიკო ხელახლა სიცივემ აიტანა და მოჰყვა კბილების რახუნს. ივანეს უნდოდა, რაც შეიძლებოდა, ადრე წასულიყო, რადგანაც ქარის გაძლიერებისა ეშინოდა, მაგრამ ნიკო შეეცოდა, დაუნთო კარგი ცეცხლი და გაათბო. ამ გარემოებამ ისე დააყოვნა იმათი წასვლა, რომ მთის გადაღმიდან მზის სიწითლემ კიდეც მოატანა, როცა ისინი ტივზე გავიდენ. თითქო მძინარემ გამოიღვიძაო, ქარმა ორიოდეჯერ მძლავრად ამოისუნთქა და ისევ გაჩერდა. ივანემ გახედა ცას და წარბებმოჯმუხვნით სთქვა: “ნიკო, ვიჩქაროთ, თვარა ქარი უმატებს!” გადაიწერეს მამამ და შვილმა პირჯვარი, ახსენეს ღმერთი და აუშვეს ტივი. [...]

როცა ბოღაზს მოშორდენ, ტივმა მსუბუქად გაიცურა იმღამინდელი ქარისაგან ათამაშებულ “პავლიას ტომის” წყალზე, საიდგანაც გარკვევით გამოჩნდა ჯუმათის მთა და მის წვერზე, არწივის ბუდის ოდენად, მთავარანგელოზის მონასტერი. რადგანაც მზე მეორე მხრიდან ადგა და ჯერ არ ამოსულიყო, მთასაც და მონასტერსაც რაღაც საიდუმლო, მკრთალი, ბნელი ფერი ედო. ივანემ გაიხედა მონასტრისაკენ და, მთავარანგელოზო, შენ გვიპატივეო, ღრმა გრძნობის გამომეტყველი სახით დაიწერა პირჯვარი სამჯერ. ნიკოც მიჰყვა მამის მაგალითს. მაგრამ პალიასტომი ისეთი საიდუმლო, მწვანე, ბნელი თვალით გამოიყურებოდა, რომ ნიკოს შიშით ადამიანის ფერი აღარ ედო სახეზე. ივანე მამაცად იბრუნებდა იქით-აქეთ ჭოლოკს და ამიტომ ყურადღება ვერ მიექცია ნიკოს გაფერმკრთალებულის პირისახისათვის. ნიკოც თავისის მხრით ცდილობდა მამის მიხმარებას და არ უმხელდა შეშინებას. ამოყო მზემ თავი და ერთს ადგილას, პალიასტომის წყალში სვეტივით ჩაუშვა თავისი სხივი, ასე რომ ადამიანს თვალებს გაუფუჭებდა იმ ადგილას შეხედვა; პალიასტომს მზის დახედვამ კიდევ უფრო საშიში ფერი დასდო. მთა და მონასტერი ჯერ კიდევ შავად მოჩანდა, რადგანაც მზე ჯერ კიდევ არ მისდგომოდა. წყალს, ჰაერს და არემარეს უსიამოვნო, საიდუმლო ფერი ედო. თითქო მზის შუქს ამოჰყვაო, ქარმა რამდენჯერმე გაიგრიალა პალიასტომზე და გააღვიძა ეს ვეშაპი. “გააგდე ჭოლოკი ხელიდგან, დაჯე ტივზე და მოუჭირე ხელჩასაკრავს!” - შესძახა ივანემ ნიკოს. თითონ კი ლომივით ტრიალებდა, რომ როგორმე ტივი მიეყენებია ნაპირზე. მაგრამ ივანეს ბრძოლა უძლური იყო განძვინვებულ სტიქიონის ძალასთან. ტივს თანდათან აშორებდა ტალღები ნაპირიდან და გაჰქონდა შუაგულისკენ. უკანასკნელ ჭოლოკიც ვეღარ დაუწვდა წყალს ძირამდე, რადგანაც შუაგულისკენ წყლის სიღრმე თანდათან მატულობს. აქ ივანემ მოინდომა, ტივს რაც მოუვა, ჯანი გავარდეს, ნიკოს ჩავისვამ ნავში და ნაპირზე გავალო. ნავი ტივზე ჰქონდა მიბმული, მაგრამ წყალი ისე იყო აზვირთებული, რომ ესეც შეუძლებელი გახდა. დიდხანს იბრძოდა ივანე თავგამეტებით. უკანასკნელ, როცა აქაფებულმა ტალღებმა ტივს ყირამალა დაუწყო ყუდება და ღონისაგან დაცლილმა ივანემ დაინახა, ჩემის ბრძოლისაგან არაფერი არ გამოდისო, გააგდო ჭოლოკი ხელიდან, დაეცა ტივზე და ჩაჰკიდა ტივზე დაკრულ ხეს ხელი. “ნუ გეშინია, ხელი მაგრათ, აგერ მეორე ნაპირზე გაგვიტანს და გადავრჩებითო”, - ამხნევებდა ნიკოს. ქარს გაჰქონდა და გაჰქონდა გუგუნი. ქარის გუგუნს წყლის გუგუნიც უერთდებოდა. ასე რომ, გვერდით ზარბაზანი რომ დაეცალათ, ვერ გაიგონებდით, ერთადერთი იმედი ივანესთვის ისღა იყო, რომ ტივი მაგრად ჰქონდა შეკრული, არ დაიშლებოდა, ტალღები სადმე ნაპირზე გააგდებდა და გადარჩებოდენ დახრჩობას. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ იმამაცებდენ, ტალღების დაძგერების დროს ტივზე ხელი არ მოეგლიჯებოდათ და წყალში არ გადაცვივოდენ. ამიტომ “ხელი მაგრათ, ხელი მაგრათო” - წამდაუწუმ უყვიროდა ივანე ნიკოს, რომელიც მართლადა ისე იყო კეტზე ჩაფრენილი, რომ, თუ დააჭრიდი მკლავებს, თორემ სხვაფრივ ვერ მოაშორებიებდი. მაგრამ, აი აგერ ერთმა ტალღამ ჰკრა, აიყვანა ტივი მაღლა, წამზე უცბად გამოეშალა და ისე დააჯახა წყალს, რომ ვენახი, რომლითაც ტივი იყო შეკრული, ორ-სამ ადგილს გაწყდა; ეს განმეორდა რამდენჯერმე და ტივმა იწყო რღვევა. ეხლა კი დაინახა ივანემ, რომ იღუპებოდა თავიანშვილიანად. ნიკო კი არც რასმე ხედავდა და არც რამესა ფიქრობდა, შიშისაგან გაბრუებულიყო და უაზროდ ჩასციებოდა ტივს. ივანემ გაუშვა ტივს ხელი, წამოვარდა ფეხზე და ისეთი დაჰკივლა, რომ ცა გასქდებაო, გეგონებოდათ. არსად ადამიანის ბაიბური არ ისმოდა. მაგრამ თუნდ კიდეც ყოფილიყო სიახლოვეს ვინმე, ვინ გაბედავდა გახელებულის პალიასტომის პირში თავის მიცემას! ივანემ დაჰკრა ფეხი, გადავარდა ნიკოსთან, მოჰკიდა ცალი ხელი ნიკოს მკლავში და ცალი იმ ხეს, რომელზედაც ნიკო იყო ჩაფრენილი. საშინელის თავგანწირულობის ფერი ედვა სახეზე. წარმოუდგენელი ძნელი წამია ის წამი, როცა ადამიანი თვალდათვალ უყურებს თავის დაღუპვას, თავის გაქრობას! ძნელია მეტადრე სოფლის გლეხისთვის, რომელიც ისე მჭიდროდ შეკავშირებულია სიცოცხლესთან, გლეხისათვის, რომელიც სწყევლის, კრულავს თავის ბედს, თავის გაჩენას, მაგრამ მაინც კი მთელი თავისი არსებით ეჯაჯგუნება ცხოვრებას, უზომოდ უყვარს სიცოცხლე. ივანემ სწრაფად წარმოიდგინა, თუ რა ჯოჯოხეთი მოელოდა მის ოჯახს დაობლების შემდეგ. “რა ეშველება? შიმშილი დახოცს, გადასახადში დააწინდრებენ, უპატრონოთ დარჩენილ ქალიშვილს ნამუსს ახთიან, დეიღუპა ოჯახი, ნასახლევათ გადაიქცევა! ვიღა დააპურებს? შიმშილი, შიმშილი...” - ქარიშხალივით გაურბინა ივანეს ამ ფიქრებმა, მაგრამ მეტი ფიქრი კი აღარ დასცალდა, ისე მძლავრად დაეჯახა წყალს უიმისოდაც დარღვეული ტივი, რომ ხეები თითო ღეროებად გაიფანტა. ივანე და ნიკო, რომლებსაც უცბათ გამოეშალათ ხეები ფეხებიდან, მოემწყვდენ წყალში. თუმცაღა მამამაც და შვილმაც ცურვა იცოდენ, მაგრამ ღონეგამოლეულს, ტანთგაუხდელს, საშინლად აზვირთებულ ცივს წყალში, აბა, რა შორს შეუძლია წავიდეს! ივანემ დაინახა, როგორ ჩასძირა და ჩაყლაპა შეუბრალებელმა წყალმა მისი საყვარელი ნიკო. ერთი უკანასკნელად კიდევ დაიღრიალა საწყალობელმა ივანემ მონადირისაგან სასიკვდილოდ დაჭრილ ლომსავით და უნდოდა მიშველებოდა შვილს, მაგრამ აღარც ღონე იყო მიშველებისა და აღარც შვილი იყო მისაშველებელი: ნიკო უკვე ჩაიტანა ძირს წყალმა ისე, რომ ხელიც არ გაუნძრევია საცოდავს. რამდენსამე წამის შემდეგ ღონეგამოლეული ივანეც წავიდა წყლის ფსკერისაკენ და ეს სიტყვები: “ვაიმე, ოჯახო! ვაიმე, ცოლ-შვილოო!” მუცელშივე ჩაუბრუნა პირში ჩახეთქილმა წყალმა. [...]

ქარი საშინელის ქუხილით ჰბრუნავდა; მზემ ამოიწია და დაჰყურებდა პალიასტომს, თითქო სეირს უყურებსო, ივანეს ხეები ისე თამაშობდენ ტალღებზე, თითქო დასულდგმულებულან და უხარიათ, რომ თავისუფალი ვართო. ივანეს პატარა ნავიც გარეულიყო ხეებში და მიჰყვებოდა ტალღებს, ხან აღმა, ხან დაღმა. რამდენსამე წამის შემდეგ დამრჩვალი ივანე და ნიკო წყალმა ერთხელ კიდევ ამოიტანა ზემოთ, აჩვენა ქვეყანას და შემდეგ ისევ წაიღო თავის კუპრსავით ბნელ ფსკერისაკენ.

წელი: 1891 (...)

ავტორი: ეგნატე ნინოშვილი

ტექსტში დამოწმებულია ადგილის წარმომავლობასთან დაკავშირებით არსებული ლეგენდაც.

მამა-შვილის (ივანესა და ნიკოს) დეტალურად აღწერილი ტრაგიკულად დაღუპვის სივრცე (მოგვიანებით გურამ რჩეულიშვილის "ნელ ტანგოში" მამა ივანე დაიღუპება სოხუმის სანაპიროზე)