"ჯანყი გურიაში" (მე-13, მე-14 თავები)

გურიის დასავლეთს, იქ, სადაც მდინარე სუფსა ერთვის შავს ზღვას, ძევს ერთი მოზრდილი ვაკე ადგილი, რომელსაც ეწოდება გრიგოლეთი. [...] ეს ადგილი _ გრიგოლეთი დღეს ძლიერ ნოყიერი სახნავ-სათესი მიწებიდან შედგება და კარგი სიმინდის მოსავალი იცის. ტყეები ამ ადგილზე მხოლოდ ცოტაოდენი აქა-იქ დარჩენილა, ისე როგორც გაბელატების შემდეგ ადამიანის თავზე დარჩება თმა აგერ-აგერ, თითო ღეროებით. მაგრამ ამ ოცდაათის თუ ორმოცი წლის წინეთ კი გრიგოლეთი ისეთი ტევრით _ გაუვალი, ბნელი ტყით იყო დაბურვილი, რომგზის გადაღმა-გადმოღმა, გარდა ქებული მონადირისა, ცხვირის შეყოფასაც ვერავინ გაბედავდა; იქ, სადაც ეხლა ხსენებულ ადგილში გურული მუშა სთესს სიმინდს და ღომს და სძოვს შინაური საქონელი, წინეთ საყვირისამებრ გაისმოდა ამპარტავანი ირმის ღმუილი, ილესავდა კბილებს შეუპოვარი ველური ტახი, თავისუფლად და უშიშრად დახტოდენ შვლები და სხვა ნადირები. ამ ნადირით სავსე ტყეში უხსოვარის დროიდან არსებობდა გზა, რომლის ერთი თავი მიდიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და განუწყვეტლად ბოლოდან თავამდე გაივლიდა, როგორც დღესაც, გურიის მაზრას, მეორე თავი კი გაივლიდა ქ. ფოთს და უერთდებოდა სამეგრელოს გზებს სუფსის მარჯვენა ნაპირზე შავი ზღვის სიახლოვეს. 

[...]

მზე თითქოს იგლოვს ადამიანის უგუნურ მოქმედებას და ურთიერთ შორის მტრობა-მოსისხლობასო, საშინლად მოწყენილი და ღრუბლებში გახვეული ამოვიდა. შავი ზღვა, რომელიც კუპრივით უქაფებია იმ დილაზე ამოვარდნილ ქვენა ქარს, გულის შემზარავად ღმუოდა.

კატეგორია: ლიტერატურა

მთხრობელი ინსტანცია: ყოვლისმცოდნე მთხრობელი

ავტორი: ეგნატე ნინოშვილი

დამატებითი ინფორმაცია: