"ჩიტი არ გამოფრინდება"

ფოტოებზე არიან ახალგზარდა და ბედნიერი დედ-მამა ზღვაზე; მე და ჩემი და სანაპიროზე (გვ. 7). ეს ჩვენ ვართ. სოხუმი სამი დღის წინ დავტოვეთ. სოხუმის დატოვებაც ცალკეულ კადრებად მილაგდება: მამა საგულდაგულოდ კეტავს სახლის კარს. დედა ტირის და ეზოში დარგულ ფორთოხლის ხეს ტოტს ატეხს. [...] მე სათამაშოებიდან საყვარელ თოჯინებსა და დათუნიას ვირჩევ, ჩემი ტყუპისცალი და კი ჩანთას სათამაშოებთან ერთად უამრავი ხარახურით _ ფერადი ფანქრებისა და პლასტელინის კოლოფებით, ზღვის კენჭებითა და ნიჟარებით ავსებს (გვ.12). 

რამდენიმე მეტრით დაშორებული ზღვა სექტემბრის მზის სხივებზე ოქროსფრად ელავს (გვ.13). [...] მივდივართ [...] სწორედ ამ სასიკვდილო ფეიერვერკის შუქზე ვტოვებთ სოხუმს, რომლის ცაც ახლა, განშორებისას, განსაკუთღებულად ლურჯად კრიალებს. და სადღაც ქვემოთ მზის სხივებზე მშვიდად ლივლივებს უზარმაზარი ზღვაც, რომელიც მალე გაწითლდება ზღვაში ჩახოცილი ადამიანების სისხლისაგან (გვ.13). 

არასდროს დამავიწყდება სოხუმის ნავსადგური. მშვიდი ზღვა და ადუღებული სანაპირო. [...] ყველა იმ ერთადერთ გემზე ცდილობდა ასვლას, რომლის გემბანიც ასევე გაძეძგილი იყო ხალხით (გვ. 55). ეს იყო გადარჩენისთვის მებრძოლი დიდი და ძლიერი დინება, რომელსაც ახლა სიკვდილის სანაპიროზე დარჩენილი მშობლებისკენ მცურავი ორი ლიფსიტა უნდა დაპირისპირებოდა (გვ. 57).

სწორედ ამ დროს დავინახე ზღვიდან წამოსული მოელვარე სხივი, რომელიც მზის მკვეთრ ნათებას ჰგავდა და ვიღაცის სისხლის გამყინავი ღრიალიც მომესმა: "ესროლეს! ესროლეს!!!" (გვ. 60). ვერ ვიჯერებდი, რომ თვითმფრინავი იღუპებოდა, რომ ის ზღვაზე რბილად არ დაჯდებოდა და ის ადამიანებიც, რამდენიმე წუთის წინ ხელს რომ გვიქნევდნენ, იქიდან საღსალამათები არ გადმოვიდოდნენ. მაგრამ თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შორს იყო, ამდენი სულის დაღუპვის ხმამ ჩემამდეც მოაღწია, სიკვდილის უზარმაზარმა ტალღამ ყველა და ყველაფერი მოიცვა და თვითმფრინავიც თვალისდახამხამებაში ჩაყლაპა ზღვამ. ცოტა ხნის შემდეგ კი წყლის ზედაპირზე დამსხვრეული თვითმფრინავისა და დასახიჩრებული ადამიანების სხეულის ნაწილები ამოტივტივდა (გვ. 61).

ნინო ავად იყო, ქალაქი იბომბებოდა, სოხუმიდან გასასვლელი ყველა გზა ჩაკეტილი იყო, მათ შორის, ზუგდიდიც. სამშვიდობოს გასასვლელად ერთადერთი _ ჭუბერზე გადამავალი ვიწრო ბილიკი რჩებოდა. თუ აქამდე ვერ გამეგო, რატომ ხოცავდნენ აფხაზები და ქართველები ერთმანეთს ან რატომ გვესროდნენ რუსები გემებიდან სითბურ რაკეტებს და აფეთქებდნენ თვითმფრინავში მსხდომ დევნილებს, ახლა კიდევ უფრო დიდი თავსატეხი გამიჩნდა _ ვერაფრით გამეგო რატომ ჩაეკეტათ ქართველებისთვის გზა ისევ ქართველებს (გვ. 62).

ბავშვთა პოლიკლინიკის ძებნა პირველივე ქალაქში _ ოჩამჩირეში დავიწყეთ. იქაურობაც მკვეთრად მახსოვს. ყველგან დენთის სუნი იდგა და სახლებს ფეხი აედგათ. სადგურის გვერდით კი დახოცილი ადამიანების გვამები ეწყო. ერთმანეთის თანმიმდევრობით. მატარებლის ვაგონებივით მწყობრად (გვ. 65). ექიმი კარგა ხნის შემდეგ ვიპოვეთ. ტყვარჩელში (გვ.67).

საერთოდ, ყველაფერი, რაც დევნილობის იმ რთულ გზაზე გამოვიარე _ ცუდიც და კარგიც, განცდის ხარისხით ყველაზე მძაფრიც იყო და ყველაზე შთამბეჭდავიც. [...] თითქოს სამოთხიდან გამომაგდეს. სახლიდან, რომლის დატოვებაც არ მსურდა (გვ. 68). ყველაფერი უსაშველოდ ძნელი იყო, ყველაფერი რთული და დამთრგუნველი, მაგრამ მაშინ, ჩემზე მოკრული ტყუპისცალი დის სუნთქვას რომ ვუსმენდი და ვუყურებდი, როგორ ეფინა ერთადერთ და მთლიანად მისაკუთრებულ ბალიშზე ნაზი, თაფლისფერი თმა, როგორ გახვეულიყო ყვავილებიან საღამურში, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა ჩვენი სახლის, ზღვისა და ბედნიერი ბავშვობის სუნი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი ერთობლივი და ოჯახური სიმშვიდის ნარჩენებში გატარებული ბოლო ღამე იქნებოდა (გვ. 70). იქით იყურებოდნენ, სადაც, ჩემი აზრით, სოხუმი იყო (გვ.70).

ნატა

გულრიფში. 1991. სექტემბერი

სიმინდის ყანაში ვიმალებით. მე, დედა, ნინო. [...] გულრიფშში ვართ. აგუძერაში მამას ჯარისკაცებმა უთხრეს, მანქანებს წვავენ თავის მგზავრებიანადო (გვ. 112-113). წარმოვიდგინე [...] მე სადღაც ზემოდან, ჩემი ზღვის თოლიების ფრენის სიმაღლიდან, ვუყურებდი ამ ყველაფერს, საკუთარი სიკვდილით ვტკბებოდი და არავისთვის არაფრის პატიებას არ ვაპირებდი (გვ.134).

"დამასკოდან პალმირამდე 200 კილომეტრია. სოხუმიდან ზუგდიდამდე _ სულ რაღაც 80", _ ვითვლი გონებაში, თუმცა ამ გზას მთელი ბავშვობა გავდიოდი. გზას, რომელსაც უკან დასაბრუნებელი კილომეტრაჟის ათვლა უკვე არ აქვს და ყველაზე მიუწვდომელი და შორეული ადგილია მთელ პლანეტაზე (გვ. 142).

ადამიანებმა საკუთარი ბარგის გადაყრა დაიწყეს. უკვე ყველაზე ძვირფას და სანუკვარ ნივთებს ელეოდნენ. ვხედავდი თოვლში აზელილ ტალახზე დაყრილ სახსოვარ სუვენირებს, საოჯახო რელიკვიებს. ფოტოალბომებს, ამ ალბომებიდან გადმოყრილ ფოტოებს, ფოტოებზე აღბეჭდილ ბედნიერ ადამიანებს. ადამიანებს ზღვის სანაპიროზე, ადამიანებს სოხუმის ბულვარში, რიწის ტბაზე, თამარის ხიდზე, გაგრის ტყე-პარკში, კელასურის კედელთან, ბედიის მონასტერთან, ახალი ათონის მღვიმესთან... ეს ხედები, მშობლიური ადგილები, წარსულის წლებით დანომრილი ფოტოები, ადამიანთა მომღიმარი სახეები თითქოს თოვლთან ერთად ცვიოდა ციდან (გვ. 179-180).

ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი