"იაკობის ჭასთან"

იოათამის ნაამბობიდან ახსოვდათ, ხეზე რომ ამძვრალიყავი, ზღვას დაინახავდიო. თუმცა, იმ ბედნიერ დროს ჯერ კიდევ არავინ იცოდა, შორს გაჭიმული ლურჯი ზოლი მართლაც ზღვა იყო თუ ცის დასასრული (გვ.12)

ამ დღიდან ომი ისეთი ხელშესახები გახდა მათთვის, როგორც ცხელ დღეს ოფლისაგან ტანზე მიწებებული პერანგი. ასე იყო იმ საბეისწერო დილამდე, როდესაც ჰორიზონტი, რომელიც ყველაზე მაღალი ხეებიდან მოჩანდა, ერთიანად არ ჩამუქდა და დიდ ველზე საბოლოოდ არ დარწმუნდნენ ორ რამეში: მტერი ამჯერად მათკენ მოემართებოდა და ის სილურჯე არ იყო ზღვა. იქ ნამდვილად ცა მთავრდებოდა (გვ. 14)!

ნაშუადღევს ფარეზმა, რომელიც დიდი ველიდან გამოქცეულებს მოუძღოდა, წყარო დაინახა და ხალხი შეაჩერა. დევნილები წყალს ისე მიესივნენ, როგორც შინ მობრუნებული პირუტყვი მივარდება გობს. ერთმანეთს თავპირს ამტვრევდნენ, მიწაზე ანარცხებდნენ. პეშვით სვამდნენ და წყალში შერეულ ტალახს ყურადღებას არ აქცევდნენ.

ფარეზი მოშორებით იჯდა. ისეთი დაძაბული ფიქრობდა, თვალების ფერიც კი შეეცვალა.  ბოლოს ჩუმად თქვა, მთებში უნდა წავიდეთო. მისი ნათქვამი წინა რიგებიდან უკანა რიგებს გადასცეს.

_ ურდო მთაში ცხოვრებას მიჩვეული არ არის, _ ლტოლვილებმა ასე თქვეს. _ იქ სიარული გაუჭირდებათ (გვ.16). [...] იქიდან უცხო მხარეში გადასასველი ქედი იწყებოდა (გვ.17).

იოათამი ერთ-ერთი იყო, ვინც დიდი ველიდან ძაღლისხევამდე ცოცხალმა მოაღწია. გადარჩენილები ზურგს უკან იმასაც ამბობდნენ, სწორედ იოათამმა დააყენა მესამე ხევის შესასვლელთან დავითიო. მესამე ხევამდე პირველი და მეორე ხევი იყო, რომელსაც დევნილები უზარმაზარი კლდის გავლის შემდეგ მიადგნენ (გვ. 18-19)

ურდო საფლავებზე ჯვრების დაყენებას არ ანებებდათ და მათ ნაცვლად ფიჭვებს რგავდნენ, ზამთარ-ზაფხულ მწვანე რომ ყოფილიყო (გვ. 39)

მხოლოდ იქ გაახსენდა იოათამის ნათქვამი (ეზეკიას _ ც.კ.), ვინც ნამდვილად დიდი ველიდანაა, ხის კენწეროდან ჩრდილოეთით თუ გაიხედავს, დავითივით ურდოსგან ლურჯად ჩამუქებულ ჰორიზონტს დაინახავსო (გვ.45).

საფლავებზე დაწერილი ასოებით ისწავლა წერა-კითხვა ელიაკიმმა [...] ბავშვობაში ვერ იგებდა, რატომ აღარავინ იცოდა წერა-კითხვა მის გარდა, სად წავიდა ის მდიდარი და ლამაზი ქვეყანა, რომლის მიცვალებულებიც ახლა საფლავებში იწვნენ. გაეგონა, რომ ადრე დიდი ველი ურდოს კი არა, მათ ეკუთვნოდათ, რომ მათი წინაპრები _ ლამაზი და გმირი ხალხი _ ერთ დღეს მთებში გადაიკარგნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდა იყო და მეტი არაფერი. დიდ ველზე არავინ იცოდა, მართლა გადარჩა თუ არა ვინმე გაქცეულებიდან. ადგილი, რომელსაც ლტოლვილებმა თავი შეაფარეს, აქაურებს საიქიოს აგონებდათ _ იქიდან არასდროს არავინ დაბრუნებულა. [...] დიდ ველზე დარჩენილი ხალხი ურდოს მონებად და მსახურებად ქცეულიყო (გვ. 62). სიღარიბისგან და უცოდინარობისგან ისე იყვნენ დაბეჩავებული, ჭკუას ვერ მოჰკითხავდი (გვ. 63).

ჟანრი: რომანი (მაგიური რეალიზმი)

წელი: 2023

ავტორი: თეა თოფურია

  • ზღვა გამქრალია... დიდი ველი და ფურისულებიანი მინდორი ანაცვლებს მას.
  • ჩრდილოეთიდან წამოსული ურდო რუსეთის მეტაფორად იკითხება.
  • ცნობილი ენდემური ჯიშია სოჭის ფიჭვი.
  • წარმოდგენილია მომავალი: ურდოს თავისთავადი დაშლა და ლტოლვილთა დაბრუნება ფურისულებიან ველზე.