"შინ_ შენ"

თვალებს რომ გაახელ, როცა იქნება... და თვალებს გაახელ, მე მემსგავსები. მომწვანო გაქვს ჩემსავით. უფრო სწორად _ ზღვისფერი. ზღვაც დემნასია. ზღვის პირად ისაა გაზრდილი. მე მხოლოდ სტუმრად, უცხოსავით ჩავდიოდი ზაფხულობით. თუმცა, დემნას ზღვაზე არ ვარ ნამყოფი... სიჩუმეა. შენი სუნთქვის ტალღებს ვითვლი და ვყვები [...]

არ ვიცი, როგორ შეიძლება, ასეთი შავი თვალებიდან ზღვა იღვრებოდეს. ფსკერი გაქვს კრიალა, მშვიდი, მოცისფრო. ეგ ოცნების სანაპირო მე არასდროს მინახავს. თვალებით წამოიღე შენი წილი ზღვა აფხაზეთიდან თუ რა მზერაა ეს? [...]

მეზღვაურს ჰგავდა, ქალბატონო მარინა, _ თითქოს თავს იმართლებს ნათია.

_ მერე მეზღვაური აღმოჩნდა?

_ არა, მაგრამ ძალიანაც არ შევმცარვარ, ზღვაზეა გაზრდილი, კარგად ცურავს და განსხვავებულად აცვია... აი, ხომ იცით, სანაპირო ქალაქების ტიპები. ცოტა უფრო მომდგარი, ღია ფერის ტანსაცმელი, ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო მოკლე შარვალი. [...]

ადრე მაჩაბლის ბინა ერთ მოხუც კაცს ეკუთვნოდა და მერე ამათ დაუტოვა. ნანისთან ზუგდიდში ზღვიდან ჩავიარეთ, შენ სულ პატარა მყავდი. [...]

წარსული. სოხუმთან ანას სახლი. ჩანთამოკიდებული ანა ბებიას ამშვიდობება. ისმის ბავშვის ტირილი და აფეთქებების ხმა. ანა _ დიდე, მალე დავბრუნდები და წაგიყვან. საჭმელი გაქვს, ჯერ გეყოფა. ალბათ, ჩვენებიც მოგაწვდიან... არ შეგეშინდეს, დამელოდე. აუცილებლად დავბრუნდები და წაგიყვან. ანა ატირებულ ჩვილს აიყვანს და სახლიდან გამორბის. [...]

წარსული. სოხუმთან ანას სახლის ეზო.

ისმის ძაღლის ყეფა, მსხვრევის ხმა. ავტომატის კაკანი, ხალხის გადაძახილები. ქალის ქვითინი. ანას ბავშვი ჰყავს მიხუტებული და ეზოში შეშინებულ მოაბიჯებს. იცის, რომ ბებიას ვეღარ ჩამოაკითხავს, აქედან თუ გააღწია და გადარჩა, უკან ვეღარ დაბრუნდება. რომც დაბრუნდეს, ბებია ცოცხალი აღარ დახვდება. უკანმოუხედავად მოდის, ცრემლები ღვარად ჩამოსდის. [...]

წარსული. სოხუმთან ანას მეზობლის სახლი.

სახლი მთლიანად ცეცხლშია გახვეული, ბრალებს, ნაწილებად იშლება. ჰაერში კვამლი ტრიალებს. სახლის წინ ბეტეერები ჩამოივლიან. ზედ ავტომატიანი ჯარისკაცები შემომსხდარან. ხალხს ტვირთი აქვს აკიდებული და გარბის, ერთმანეთში ირევა. [...]

მძღოლები წაბლის ხეს ეზიდებიან. სხვებს ნიჩბები მოაქვთ, სწრაფად მუშაობენ, ეზოში არსებულ ნერგებს გაზრდილი ხეებით ანაცვლებენ და ოციოდე წუთში ნიას თვალწინ გადის მთელი ოცდაექვსი წელი. ხეები გაზრდილა. სოხუმი დაცემულა, ომი დამთავრებულა, აფხაზეთი გასხვისებულა, საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულა, დიდედაც გარდაცვლილა და ახლა ამ დაკარგულ მიწას უნდა მიაბარონ.  [...] ქალები მოთქმას იწყებენ, შავოსნები ანას მიატირებენ, ცოცხალს როგორ ვერ ჩამოუსწარი, გელოდებოდა, ამდენი წელი შენი ნახვის იმედად იცოცხლაო და სწყევლიან მთავრობას, მესაზღვრეებს, რუსებს, ყველას, ვინც ანა აქამდე არ შემოუშვა სოხუმში. მთავარ გმირს სტატისტები ეზოში გოდებით მიაცილებენ, კაცები ჭიშკართან დგანან, ეწევიან. ანა კიბეზე ადის და სცენა წყდება.

 

 

 

 

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: ყოვლისმცოდნე მთხრობელი

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: 21-ე

ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე

რომანში მოქმედებს დიდი ნაწილი ვითარდება ფილმის გადასაღებ მოედანზე. ფილმი ეძღვნება აფხაზეთის ომსა და დევნილობის პრობლემებს (გადაღება თბილისთან ახლოს მიმდინარეობს).