"მოგზაურობა აფრიკაში"

იქიდან რომ წამოვედით, მამა სოხუმის საავადმყოფოში იწვა, ინფაქრტი ჰქონდა და ექიმები ამბობდნენ, ამისი ადგილიდან დაძვრა არ შეიძლებაო. ბებია ტავზე ადგა. მაშინ მე ექვსი წლისა ვიყავი, მაგრამ დედ-მამის ლაპარაკი მაინც კარგად მახსოვს: მამა დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე და დედა ქალაქიდან წავსულიყავით, დედას კი მამის მიტოვება არ უნდოდა. [...] ქალაქში განუწყვეტლივ ისროდნენ, მაგრამ ბორია ბიძიამ, ჩვენმა ტყვარჩელელმა მეზობელმა, თავის "ნოლ-ექვსში" ჩაგვსხა და სოხუმიდან გაგვიყავანა. მერე სხვებთან ერთად ფეხით მოვდიოდით. უღელტეხილზე გაგვითოვდა. [...] ნეტა წუპაკა ცოცხალი ყოფილიყო, ისიც ხო წამოვიდოდა... ოჩამჩირემდე ერთად ვივლიდით, იქიდან ის გზას სოხუმისკენ გააგრძელებდა, მე კი ტყვარჩელში დავუბერავდი. ახლაც მახსოვს ტყვარჩელის სადგურის ბაქანი, მოასფალტებული და რატომღაც სველი... ჩვენი სადარბაზოელი აფხაზი გოგო ლიდა სადგურის რეპროდუქტორში რაღაცას აცხადებს _ ჯერ აფხაზურად, მერე ქართულად და ბოლოს რუსულად [...] ეტყობა სოხუმში მივდივართ და მამამ "ელექტრიჩკის" ბილეთები იყიდა. ბაქნიდან მოჩანს "გრესის" საკვამლე მილები, მარცხნივ _ ტყით შემოსილი მთები და მწვანეში ჩაფლული წითელკრამიტიანი სახლები.[...] ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ორივენი შინ არიან და თუ ეს დღე შაბათი ან კვირაა, მაშინ სამივენი სოხუმში მივდივართ. ზაფხულობით თითქმის მთელ დღეს კელასურში, ზღვის პირას ვატარებთ _ ვბანაობთ, მზეს ვეგიცხებით. როცა მოგვშივდება, ვყიდულობთ გემრიელ "ჩებურეკებს" და იქვე, პლაჟზევე შევექცევით. ზამთრობით ქალაქში ვსეირნობთ. შევდივართ კინოში, მაღაზიებში, მერე მივდივართ ზღვისპირა რესტორანში, რომელსაც "დიოსკურია"ჰქვია და მამა ოფიციანტს მწვადებსა და ერთ ბოთლ ღვინოს უკვეთავს. იქ კარგა ხანს ვსხედვართ, ისმის მუსიკის ხმა, ჩეი მშობლები წყბარად საუბრობებ, მე კი ფანჯრიდან ვუყურებ აღელვებულ ზღვას, თოლიებს და თეთრ სეინერს, რომელიც თუხთუხით მიაპობს ტალღებს. რესტორნიდან გამოსულები ნელა მივსეირნობთ თეატრის მიმართულებით და იქ უსათუოდ შევდივართ ერთ პატარა, მყუდრო კაფეში, სადაც ჩემი დედ_მამა სვამს ყავას, მე კი ლიმონათით ვიჭყიპები. საღამოს შინ ვბრუნდებით. მე, როგორც წესი, გზაში მძინავს და მაშინღა ვიღვიძებ, როცა ტყვარჩელში შევდივართ. ვაგონის ფანჯრიდან თვალების ფშვნეტით ვიყურები და გაკვირვებული სხედავ ჩვენს ბაქანს, ჩვენი სადგურის  ლურჯად შეღებილ შენობას და წარწერას აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. კითხვა უკვე ვიცი და ამიტომ ხმამაღლა ვმარცვლავ:-"ტყვა_რჩე_ლი"! თან მიკვირს, რომ ასეე უცებ ჩამოვედით. [...] იქამდე ბევრი აღარ დარჩა. მე ვიცი, რომ ოჩამჩირეში შევალთ თუ არა, ზღვა გამოჩნდება და ისე მიხარია, თითქოს როგორც კი მის თეთრქაფმოგდებულ ტალღებს დავინახავ, მაშინვე ყველაფერი შეიცვლება და ის უზრუნველი დრო დაბრუნდება, კელაუსრის პლაჟზე რომ ვატარებდით სამივენი _ დედა, მამა და მე. დღემდე მახსოვს ზღვის სუნი, გემო და ხმა, საკმარისია თვალები დავხუჭო, რომ მაშინვე ტალღების ტლაშუნს გავიგონებ, მის მლაშე გემოსა და თევზის სუნს ვიგრძნობ... ოჩამჩირეში არ ვიყავი ნამყოფი და ამიტომ ერთი პატარა სოფელი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი _ საკმაოდ მოზრდილი დაბა ყოფილა... სანამ ზღვა გამოჩნდებოდა, ერთხანს კიდევ ვიარეთ [...] რა თქმა უნდა, მაშინვე ზღვას მივაშურე, ღელავდა. უზარმაზარი, მუქი ტალღებით ასკდებოდა ბეტონის ნაპირს, შხეფებს ისროდა და თან შემზარავი ხმით ღრიალებდა. შიშით უკან დავიხიე. არა, ასეთი ზღვა არასოდეს მენახა. მომეჩვენა, თითქოს გზა ამებნა და სულ სხვაგან მოვხვდი, სხვა ქვეყანაში ჩამოვედი. ვიდექი და ამდენი ხნის მონატრებულ ზღვას იმედგაცრუებული, კრიჭაშეკრული ვუყურებდი.

 

კატეგორია: ლიტერატურა

მთხრობელი ინსტანცია: აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი ბიჭი (ფიქციური)

პერიოდი: პოსტმოდერნისტული ხანა

საუკუნე: მე-20